დოზირება

საქართველოში განსაკუთრებით პერსპექტიულია თბოსაიზოლაციო პერლიტის ბათქაშის და პერლიტობეტონის გამოყენება სასოფლო, ინდივიდუალურ და კომერციულ მშენებლობაში. პერლიტი იდეალური, მსუბუქი თბო-ბგერათსაიზოლაციო მასალაა, რომელიც გამოიყენება იატაკების, კედლების, სართულშორის გადახურვების თბოიზოლაციისათვის, მანსარდებისა და სხვენების მშენებლობისას შენობების დასათბუნებლად, სხვადასხვა სათავსოების და საცხოვრებელი ფართების საიზოლაციოდ და აკუსტიკური კომფორტის შესაქმნელად. პერლიტი შეუცვლელია დახრილი სახურავების და სხვენების თბო-ბგერათიზოლაციისათვის. ერთობლიობაში კი სწორედ ეს ქმნის კომფორტულ პირობებს შენობაში: ზამთარში სითბოს და ზაფხულში – სიგრილეს.

თბოსაიზოლაციო პერლიტის ბათქაშის 3 სანტიმეტრიანი სისქის ფენა, თავისი თბოსაიზოლაციო მაჩვენებლით უტოლდება 15 სანტიმეტრიანი აგურის და 30 სანტიმეტრიან ცივი ბლოკის წყობას. ასევე 10 სმ-იანი თბოსაიზოლაციო მოჭიმული იატაკის პერლიტობეტონი უტოლდება თითქმის 60 სმ სისქის ცივი ბეტონის მოჭიმულ იატაკს.

პერლიტის ბათქაშის დატანა შესაძლებელია აგურზე, ბეტონზე, შლაკობეტონზე, მეტალის ბადეზე, ხეზე და ნებისმიერი სხვა სახის ზედაპირზე. პერლიტის ბათქაშის ზედაპირი მარტივად შესაძლებელია შეიღებოს ან ზედ მიეწებოს მოსაპირკეთებელი საფარი. უკეთესი შედეგის მესაღწევად და ბზარების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია გალესვის დროს გამოვიყენოთ პლასტმასის ან რკინის მსუბუქი ბადე.

თბოსაიზოლაციო პერლიტის ბათქაშის და პერლიტობეტონის მასამზადებლად აუცილებელია, ყველა კომპონენტი პირველ რიგში მშრალად კარგად აირიოს ერთიანი კონსისტენციის მისაღებად, შემდეგ კი დაემატოს წყალი. მორევის დრო დაახლოებით 3-4 წუთამდე. მზა პერლიტობეტონი არის ნახევრადმშრალი მსუბუქი ბეტონის მასა, რომელიც ადვილად ექვემდებარება ნებისმიერ ზედაპირზე სამუშაოს შესრულებას, გალესვას, დასხმას და დაგებას.

თბოსაიზოლაციო აფუებული პერლიტი შესაძლებელია დაემატოს გაჯში შემდეგი პროპორციით 2:1, სადაც გაჯი 2 პროპროციაა და პერლიტი 1 პროპორცია. ასეთი ხსნარით გალესილი კედლების და ჭერის თბოგამტარიანობის კოეფიციენტი 30% მცირდება და შედეგად ვიღებთ უკეთესად დათბუნებულ კედლის და ჭერის კონსტრუქციას.

ასევე შესაძლებელია პერლიტის თბოსაიზოლაციო ნარევში დაემატოს გაცრილი ქვიშა ზუსტად იმ მოცულობით რა მოცულობითაც ემატება ცემენტი. ასეთ ნარევში მიიღება უფრო მკვრივი ზედაპირი მაღალი სიმტკიცის მაჩვენებლით, მაგრამ ასევე შედარებით უფრო მაღალი თბოგამტარიანობის კოეფიციენტით.

*პლასტიფიკატორი გამოიყენება პერლიტური ბათქაშისთვის ელასტიურობის მისაცემად, ბზარების თავიდან აცილების მიზნით, მდგრადობის გასაუმჯობესებლად და აგდეზიისთვის.

1. 1მ3 პერლიტობეტონის ხსნარის მოცულობითი წონა მოჭიმული იატაკისთვის შეადგენს შეადგენს 800–1400 კგ/მ3, რაც დაახლოებით 2–ჯერ უფრო მსუბუქია ვიდრე საპროექტო კონსტრუქციული ბეტონი, რომლის წონა შეადგენს 2100–2300 კგ/მ3.

2. პერლიტობეტონი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია – ცემენტი, აფუებული პერლიტი, პერლიტის ქვიშა, გაცრილი ქვიშა.

3. პერლიტობეტონი იდეალურია შენობების თბოიზოლაციისათვის და აკუსტიკური კომფორტის შესაქმნელად.

4. მაღალი ცეცხლმედეგობა (950–1260° C) კლასი REI60.

 

5. ბეტონის თბოგამტარობის კოეფიციენტია 1,51 ვატ/(მ°C). მოჭიმული იატაკისათვის მთლიანი პერლიტობეტონის მასალის თბოგამტარობის კოეფიციენტია 0,25 ვატ/(მ°C). ეს 6-ჯერ ნაკლებია ბეტონის მოჭიმული იატაკის თბოგამტარობაზე (1,51/0,25=6), იგივე თბომედეგობის მისაღწევად საჭირო იქნება 6-ჯერ მეტი სისქის ბეტონის კონსტრუქცია, რაც ნიშნავს, 10 სმ სისქის პერლიტობეტონის მოჭიმული იატაკი უდრის 60 სმ სისქის ბეტონის მოჭიმულ იატაკს.

 

6. პემზობეტონის თბოგამტარობის კოეფიციენტია 0.67 ვატ/(მ°C). მოჭიმული იატაკისათვის მთლიანი პერლიტობეტონის მასალის თბოგამტარობის კოეფიციენტია 0,25 ვატ/(მ°C). ეს 2.7-ჯერ ნაკლებია პემზობეტონის მოჭიმული იატაკის თბოგამტარობაზე (0.67/0.25=2.97). იგივე თბომედეგობის მისაღწევად საჭირო იქნება 3-ჯერ მეტი სისქის პემზობეტონის კონსტრუქცია, რაც ნიშნავს, 10 სმ სისქის პერლიტობეტონის მოჭიმული იატაკი უდრის 27 სმ სისქის პემზობეტონის მოჭიმულ იატაკს.